logo
ENG



TI: 2021 წელს "ოცნების" შემოსავალი და ხარჯები ორჯერ აღემატებოდა 16 პარტიის ფინანსებს ერთად

08 ივლ 202213:39
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, რომელმაც ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემად რჩება.

ორგანიზაციამ აქცენტი 17 პარტიაზე გააკეთა, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა ან იმავე წელს მინიმუმ 100 000 ლარის შემოსავალი მოიზიდა და დაასკვნა, რომ "ქართული ოცნების" როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების ფინანსები თითქმის ორჯერ აღემატება ერთად აღებული დანარჩენი 16 პარტიის ფინანსებს.

"ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც ქართული პოლიტიკის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა, სადაც იკვეთება, რომ

  • 2021 წელს 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, საიდანაც თანხის დაახლოებით 60% (26 მლნ ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა. 5,1 მლნ ლარით მეორე ადგილზე იყო „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი - „ლელო“ 3,3 მლნ ლარით.
  • 17 პარტიიდან შემოწირულება მხოლოდ 13-მა მიიღო ჯამში 27.4 მლნ ლარის ოდენობით, საიდანაც 19.8 მლნ ლარი (ყველა შემოწირულების 72%) „ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, 2.9 მლნ ლარით მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო მესამეზე - 2.5 მლნ ლარით „ლელო საქართველოსთვის” იყო;
  • საბანკო სესხით მხოლოდ ორმა პარტიამ ისარგებლა. პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” 2021 წლის 8 სექტემბერს „ლიბერთი ბანკისგან“ 12 თვის ვადით 500,000 ლარი ისესხა წლიური 14%-იანი განაკვეთით, ხოლო „ქართულმა ოცნებამ” 12 ნოემბერს ბანკი „ქართუსგან“ 1 მლნ ლარი ისესხა, 1.5 თვის ვადით, 13.75%-იანი განაკვეთით.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აქვეყნებს პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებსაც

  • 17-მა პარტიამ მთლიანობაში 41.9 მლნ ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 62% - 25.8 მლნ ლარი „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა, 5.1 მლნ ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი - „ლელო საქართველოსთვის“ 3.3 მლნ ლარით;
  • პარტიების მთლიანი ხარჯების 49% (19 მლნ ლარი) რეკლამაზე მოდიოდა. სხვა კატეგორიებიდან ყველაზე მსხვილი იყო ოფისისა და იჯარის ხარჯი (მთლიანი ხარჯების 21%) და შრომის ანაზღაურება (12%);
  • რეკლამაზე ყველაზე მეტი - 13.3 მლნ ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რაც 17 პარტიის ჯამურ სარეკლამო ხარჯის 70%-ს წარმოადგენდა. რაც შეეხება რეკლამის კატეგორიებს, ყველაზე დიდი თანხა გარე რეკლამაზე (8.4 მლნ ლარი) დაიხარჯა, შემდეგ კი სატელევიზიო რეკლამის ხარჯი იყო 3.8 მლნ ლარით. გარე რეკლამის ხარჯის უდიდესი ნაწილიც - 87% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
  • პარტიებმა შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 4.5 მლნ ლარი დახარჯეს, რაც მათი ჯამური ხარჯების 12% იყო. თითოეულო საარჩევნო სუბიექტის მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯსა და მის მთლიან ხარჯებთან მიმართებას თუ შევხედავთ, ყურადღებას მიიქცევს „პროგრესისა და თავისუფლების“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ნულოვანი ხარჯები. გარდა ამისა, კითხვებს აჩენს „ქართული ოცნების“ და „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ ხელფასებზე გაწეული მცირე ხარჯები. განსაკუთრებით საყურადღებოა მმართველი პარტიის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა - 26 მლნ დახარჯა წლის განმავლობაში, მაგრამ შრომის ანაზღაურებაზე მხოლოდ ნახევარი მილიონი ლარი გაიღო.

ორგანიზაცია პოლიტიკური კორუფციის ან სხვა ტიპის შესაძლო დარღვევების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ 2021 წელს, ჯამში, დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა. ასევე, 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს. ამასთან, ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4,5 მლნ ლარი გაიღეს ოცნების სასარგებლოდ.

  • ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული შპს „ზიმო”, ასევე, მოხვდა მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის. ამ კომპანიამ წლის განმავლობაში დაახლოებით 13 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერი მოიგო, ხოლო ივანიშვილთან და ამ ბიზნეს ჯგუფთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” წლის განმავლობაში ჯამში 1 მლნ ლარზე მეტი შესწირეს;
  • შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა;
  • მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტორებს შორის იყვნენ შპს „ბონდი-2009" და შპს „მონოლითი - 2005”, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუკრი დოლიძის ორი კომპანია, რომლებმაც 2021 წელს ჯამურად 33 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგეს. დოლიძემ და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას” ერთობლივად 120,000 ლარი შესწირეს. ნუკრი დოლიძეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინტერესის საგანი პირველად არ გამხდარა;
  • აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს;
  • ყურადღებას ასევე იქცევს შპს „ანაგი”, რომელიც არაერთი მსხვილი სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებულია. ამ კომპანიამ 2021 წელს ჯამურად 22 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მოიგო. „ანაგთან” დაკავშირებულმა პირმა, დავით ანდღულაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა გიორგი ჩიტაშვილმა მმართველ პარტიას ჯამში 110,000 ლარი შესწირეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასა და მათზე ზედამხედველობაზეც წერს და აღნიშნავს, რომ 2021 წლის განმავლობაში აუდიტის სამსახურმა საქალაქო სასამართლოში 35 საქმე წაიღო, საიდანაც 2 საქმეზე გამოეცხადათ სიტყვიერი შენიშვნა, 22 შემთხვევაში სახდელის სახით განესაზღვრათ გაფრთხილება, ხოლო 11 საქმეზე დაეკისრათ ჯარიმა ჯამში 215,057 ლარის ოდენობით და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა 57,228 ლარის ოდენობით. კვლევის ფარგლებში შესწავლილი 17 პარტიიდან კანონის დამრღვევთა შორის მხოლოდ ერთი - "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" აღმოჩნდა.

ორგანიზაციის თქმით, კვლავ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებით არაეფექტიანია პოლიტიკური კორუფციის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით.

ორგანიზაცია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახური კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირების კუთხით არაეფექტიანია, სასურველია, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც უნდა გაუწიოს ზედამხედველობა.

ამასთან, ორგანიზაციის რეკომენდაციაა აუდიტის სამსახურმა დეტალურად შესწავლოს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ და დაადგინოს, რატომ აქვს ზოგიერთ პარტიას დეკლარირებული არარეალისტურად მცირე თანხა.

ამასთან, TI-ს თქმით, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რათა პოლიტიკურმა პარტიამ არ დაკარგოს კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება, იმისდა მიუხედავად იგი საპარლამენტო მანდატებს გამოიყენებს თუ არა, ვინაიდან პარტიის დაფინანსება მის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა საპარლამენტო საქმიანობაზე.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და ნაკლებად არიან გახვეული დაფინანსების კორუფციულ სქემებში.


close დახურვა